ისტორია

თბილისის სატელევიზიო  კოშკი

თბილისის სატელევიზიო კოშკი, რომელსაც არასწორად უწოდებენ ტელეანძას, საკომუნიკაციო მიზნებისთვის აგებული დამოუკიდებლად მდგომი სტრუქტურაა. იგი მდებარეობს მთაწმინდის ფუნუკულიორის ზედა პლატოზე.

მისი მშენებლობა 1952 წელს დაიწყო და 1956 წელს დასრულდა. სიმაღლე 186 მეტრი იყო და ახლანდელი კოშკის მიმდებარედ იდგა. მარტივი კონსტრუქციისგან შედგებოდა და ფერმული სტილის იყო. პირველი სატელევიზიო გადაცემა 1956 წლის 30 დეკემბერს გავიდა ეთერში. პირველი ფერადი მაუწყებლობა კი – მოგვიანებით, 1966 წელს. სტუდია, საიდანაც მაშინდელი დიქტორები ქვეყანას ახალ ამბებს ამცნობდნენ, ძველი კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განლაგებული.

ვინაიდან ძველ კოშკს სატელევიზიო არხების რაოდენობის გაზრდის საშუალება არ ჰქონდა, საჭირო გახდა ახალი კოშკის მშენებლობა. მისი მშენებლობა 1972 წელს დაიწყო და ორი წლის განმავლობაში მცოცავი ამწით მიმდინარეობდა.

ახალი თანამედროვე კოშკი ექსპლოატაციაში შევიდა 1974 წლის 30 ნოემბერს, რის შემდეგაც მოხდა ძველი კოშკის დემონტაჟი და გადატანა ქალაქ გორში.

დღეისათვის თბილისის სატელევიზიო კოშკი საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობაა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალი კოშკების სიაშია შეტანილი.

მისი სიმაღლე 274,5 მეტრი იყო, თუმცა 2017 წლის 3 ივნისს ნაგებობას დაემატა კოშკის შემადგენელი კონსტრუქციული ელემენტი - სუპერტურნიკეტული ანტენა, რის შემდეგაც მისი სიმაღლე 3,5 მეტრით გაიზარდა.

თავად კოშკი განთავსებულია 719,2 მ. სიმაღლის მთაზე.

თბილისის სატელევიზიო კოშკი "საქართველოს ტელერადიოცენტრი"-ს მართვაშია. კოშკზე განთავსებულია მაღალი და ზემაღალი სიხშირის სხვადასხვა დანიშნულების სატელეკომუნიკაციო სისტემები.